კრიპტოვალუტების საერთაშორისო ბირჟაზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება – ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 1.2 ტრილიონ დოლარს აღწევს, რაც 24 საათში თითქმის 1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ბიტკოინის ფასმა 29,000-დოლარიან ნიშნულს მიაღწია, რაც 2022 წლის ივლისის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია. ერთ დღეში ბიტკოინი თითქმის 2%-ითაა გაძვირებული, ერთ კვირაში კი მატების მაჩვენებელი 4%-ს აღწევს. კრიპტოაქტივის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 556 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ეთერიუმის ფასი 1,800 დოლარის ფარგლებში მერყეობს, მისი კაპიტალიზაცია კი დაახლოებით 220 მილიარდ დოლარს შეადგენს. ერთ კვირაში ეთერიუმის ფასი 3%-ითაა გაზრდილი.
აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება სხვა კრიპტოვალუტებთან მიმართებითაც, მაგალითად: XRP-ის ფასი 25%-ით გაიზარდა; Cardano-ს ღირებულებამ კი 4%-ით მოიმატა.
კრიპტოაქტივების გაძვირება პირდაპირ კავშირშია ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის სამომავლო გადაწყვეტილებასთან. მსხვილი ბანკების გაკოტრების ფონზე, არსებობს იმის რეალური შანსი, რომ FED-მა რეფინანსირების განაკვეთი დაგეგმილზე 25 საბაზო პუნქტით ნაკლებად გაზრდის. აგრეთვე არ არის გამორიცხული, რომ ფედერალური რეზერვი წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების სტრატეგიაზეც გადაერთოს, რაც, ცხადია, დადებითად აისახება კრიპტოაქტივების ფასებზე.