რეგულირების სააგენტომ, ბოლო 3 წელში, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 79 პაციენტის საქმის შესწავლა დაიწყო- 5 პაციენტის საქმეზე, 18 ექიმ-სპეციალისტს პროფესიული პასუხისმგებლობა განესაზღვრა.
2 ექიმ-სპეციალისტს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება 1 თვის ვადით; 16 ექიმ-სპეციალისტს კი „წერილობითი გაფრთხილება“ მიეცა.
„2020 წელს დაწყებულ იქნა 13 სამედიცინო შემთხვევის შესწავლა;
– 2021 წელს – 36 სამედიცინო შემთხვევის შესწავლა;
– 2022 წელს – 30 სამედიცინო შემთხვევის შესწავლა.
დასრულებულია 10 შემთხვევის შესწავლა, საიდანაც 5 შემთხვევაში, გამოვლინდა ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობა და აღნიშნული საკითხები განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ.
საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 ექიმ-სპეციალისტს (დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტებს) განესაზღვრა სხვადასხვა ზომის პროფესიული პასუხისმგებლობა. მათ შორის, 2020 წლის 1 სამედიცინო შემთხვევაში, 2021 წლის 3 სამედიცინო შემთხვევაში, 2 ექიმ- სპეციალისტს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება 1 თვის ვადით; 16 ექიმ- სპეციალისტს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება; 1 სამედიცინო შემთხვევის განხილვა გადაიდო (დამატებითი შესწავლის მიზნით)“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.