Forbes-მა ტაქსის გამოძახების ესტონურ სერვის Bolt-ის შემქმნელის, მარკუს უილიგის ქონება 700 მლნ დოლარად შეაფასა. 29 წლის უილიგი Bolt-ში აქციების 17%-ს ფლობს.
კომპანიის ღირებულება 2022 წლის იანვარში, ბოლო დაფინანსების რაუნდზე 8,4 მლრდ დოლარად შეფასდა. თუმცა, Forbes-ის ცნობით, მას შემდეგ სტარტაპების შეფასება შემცირდა.
მარკუს უილიგმა Bolt 2013 წელს დააარსა, როცა ის ჯერ კიდევ ტარტუს უნივერსიტეტის 19 წლის სტუდენტი იყო. სერვისს Uber-ის ესტონურ კონკურენტს უწოდებენ. ამჟამად Bolt 45 ქვეყანაში მუშაობს და 3 მილიონზე მეტი მძღოლი ჰყავს. ტაქსის შეკვეთის გარდა, Bolt-ს ელექტროსკუტერების გაქირავებისა და საკვები პროდუქტების მიწოდების სერვისიც აქვს.
2021 წელს კომპანიის შემოსავალმა 570 მლნ დოლარი შეადგინა. თუმცა იმავე წელს ვენჩურული დაფინანსების მიზიდვისას მარკუს უილიგმა განაცხადა, რომ კომპანიამ 622 მლნ დოლარი იზარალა. ამ თანხის ნახევრით პანდემიის დროს აღებული სესხი დაიფარა. ამასთან, ზარალის ზრდაზე მგზავრებსა და მძღოლებზე შემოღებულმა ფასდაკლებამ იმოქმედა.
2022 წელს Bolt-მა ზარალი მნიშვნელოვნად შეამცირა. უილიგი აცხადებს, რომ სერვისი 2023 წელს ზარალის გარეშე დაასრულებს.