ჩანპენ ჟაო-ცნობილი, როგორც CZ, 1977 წელს ჩინეთში დაიბადა. კარგად სწავლობდა სკოლაში, თამაშობდა ფრენბურთს და მონაწილეობას იღებდა შეჯიბრებაშიც. მისი მშობლები ჩინეთში მასწავლებლები იყვნენ. ჟაოს მამა, უნივერსიტეტის პროფესორი, ქვეყანაში პრო-ბურჟუაზიულ ინტელექტუალად შერაცხეს, რის შემდეგაც, 80-იანი წლების ბოლოს, როდესაც ის 12 წლის იყო, საკუთარ ოჯახთან ერთად კანადაში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა. თინეიჯერობის წლებში ჟაო ოჯახის დასახმარებლად McDdonald’s-ში და ბენზინგასამართ სადგურებზე ღამის ცვლაში მუშაობდა.მონტრეალში, მაკგილის უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ის ტოკიოში, Tokyo Stock Exchange-ში, შემდეგ კი Bloomberg Tradebook-ში მუშაობდა დეველოპერად. 2005-ში CZ შანხაიში გადავიდა და ბროკერებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი სავაჭრო სისტემა, Fusion Systems დააარსა. 2013 წლისთვის მან წვლილი შეიტანა Blockchain.info-ს განვითარებაში და იყო OKCoin-ის მთავარი ტექნოლოგიური ოფიცერი.
Bitcoin-ით (BTC) ჟაო 2014 წელს, მეგობრებთან ერთად პოკერის თამაშისას დაინტერესდა და გადაწყვიტა, რომ მთლიანი ფსონი სწორედ ამ კრიპტოვალუტაზე გაეკეთებინა. ამისთვის მან საკუთარი საცხოვრებელიც კი გაყიდა, თუმცა BTC-ის შეძენიდან მალევე ფასი 600 დოლარიდან 200 დოლარამდე გაუფასურდა, რასაც ის მოგვიანებით ასე გამოეხმაურა – „მინდა მოგიყვეთ ჩემს 2015 წლის ისტორიაზე, როდესც Bitcoin-ის ფასი 200 დოლარამდე გაუფასურდა, მე კი რამდენიმე თვით ადრე სახლი გავყიდე და ვალუტა 600 დოლარად შევიძინე. თუმცა, როგორც ხედავთ, მე ისევ აქ ვარ“.
Binance-ის დაარსებამდე იყო კიდევ ერთი კრიპტო სავაჭრო ფირმა Bijie Tech, რომელიც მხოლოდ 2 წლით, 2015-2017 წლებში ოპერირებდა. სწორედ ამ კომპანიის თანამშრომლებითა და რესურსებით შეძლო ჟაომ დაეფუძნებინა Binance, რომელიც ამჟამად მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტობირჟაა.კომპანიამ 45 წლის ბიზნესმენი სულ რაღაც 180 დღეში აქცია მილიარდერად და Forbes-ის თანახმად, მისი ქონება ახლა 17.4 მილიარდ დოლარადაა შეფასებული/მილიარდერებს შორის ჟაო მსოფლიში მეცხრამეტეა.
2017 წელსვე შეიქმნა Binance-ის კრიპტოვალუტა BNB, რომელიც საბაზრო კაპიტალიზაციით მეხუთეა ციფრულ ვალუტებს შორის. აღსანიშნავია, რომ აქამდე მსგავსი რამ არცერთ ბირჟას გაუკეთებია.ჟაომ 10,000 დოლარის ინვესტიცია საკუთარი რესურსებით გააკეთა, პლატფორმის ოფიციალური ჩაშვებიდან რამდენიმე დღეში კი, კომპანიამ 15 მილიონი დოლარი მოაგროვა BNB-ის გაყიდვით.
2019 წელს პლატფორმიდან 40 მილიონი დოლარის ღირებულების Bitcoin მოიპარეს. რამდენიმე ბანკმა კი თავის მომხმარებლებს აუკრძალა ფულის გადარიცხვა Binance-ზე. ამგვარი შეზღუდვები ჩინეთში, იაპონიაში და ტაილანდში მოქმედებს.
Binance-მა 2021 წელს 20 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც თითქმის 4-ჯერ მეტია 2020 წლის მაჩვენებელზე. პლატფორმის აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 2021 წლის ოქტომბრის მონაცემებით 28.6 მილიონს შეადგენს, ერთ დღეში ვაჭრობის პიკი კი 76 მილიარდი დოლარია. კომპანიის მოგება 2017 წელს 7.5 მილიონიდან 2020 წელს 900 მილიონამდე გაიზარდა.
მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჩანპენ ჟაო (CZ), 30 ნოემბერს საქართველოს ეწვია და ქვეყანაში წარმომადგენლობითი ოფისის გახსნასა თუ სამომავლო ინვესტიციებზე ისაუბრა.