სპონტანურად, სარბენ ბილიკზე ვარჯიშისას გაელვებული იდეა დღეს პირველი ავტოასისტენტის გამოძახების პლატფორმად იქცა, რომელიც ავტომობილის მოვლისა და შეკეთების პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.
“პლატფორმის საშუალებით შეგიძლია შენი მანქანა შესაკეთებლად გაატანო ექსპერტს. ის მიიყვანს მანქანას საუკეთესო ხელოსანთან, იყიდის ნაწილებს საუკეთესო ფასად და დაგიბრუნებს შეკეთებულ მანქანას.” — აცხადებს სტარტაპის დამფუძნებელი, ნიკა აბაშიძე.
ავტოსერვისისთვის CARU “არის იგივე, რაც მაცივარი ყინულის ბიზნესისთვის. იგი მთლიანად ცვლის ინდუსტრიას, რაც მომხმარებელს ავტომობილის უფრო ეფექტიანად მოვლის საშუალებას აძლევს“.
CARU დღეს ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სტარტაპია საქართველოში — კომპანიაში უკვე 150-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. სულ რამდენიმე ხნის წინ კი სტარტაპმა ოპერირება უკვე უკრაინის ბაზარზეც წარმატებით დაიწყო.