ჩინური კომპანიები საკუთარი დიდი მოგების ფონზე აგზავნიან ევროპაში ამერიკულ გათხევადებულ ბუნებრივ აირს და ეხმარებიან კონტინენტის ქვეყნებს, შეავსონ ზამთრისთვის მარაგები. ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი საზღვაო გადაზიდვების პორტალებზე და საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მათი მონაცემებით, იმ ფონზე, როცა ჩინურ კომპანიებს ამერიკელ მომწოდებლებთან გაფორმებული აქვთ გრძელვადიანი კონტრაქტები და დიდი დოზით ყიდულობენ გათხევადებულ ბუნებრივ აირს, ზედმეტ ნედლეულს ევროპაზე ყიდიან და თითო ასეთ მიწოდებაზე ასობით მილიონ დოლარს გამოიმუშავებენ. მიმდინარე წლის პირველ 8 თვეში ჩინეთის პორტებმა თხევადი აირის მხოლოდ 19 გემი მიიღო, მაშინ როცა გასულ წელს 133 ჰქონდა მიღებული, ეს კი ნიშნავს, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი გადამისამართდა ევროპის ქვეყნებში, ასევე იაპონიასა და სამხრეთ კორეაში – წერს გამოცემა.
„ეს არის ურთიერთსასარგებლო ურთიერთობა აშშ-სა და ჩინეთს შორის“ – თვლის კომპანია Rystad Energy-ს უფროსი ანალიტიკოსი ვეი სიუნი.