ჩინეთში აკუმულატორების ახალ საწარმოში BMW 1,4 მლრდ დოლარის ინვესტიციას ჩადებს
სააგენტო Xinhua მიერ გავრცელებული ინფორმაციით კომპანია BMW Group-ის და მისი ჩინელი პარტნიორი Brilliance Auto-ს ერთობლივი კომპანია BMW Brilliance Automotive, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ შენიანის მახლობლად, აკუმულატორების წარმოებაში 10 მლრდ იუანის (1,4 მლრდ დოლარი) ინვესტიციის ჩადებას გეგმავს.
„საინვესტიციო შეთანხმების ხელმოწერა არა მხოლოდ ჩვენი გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივას სძენს დამაჯერებლობას, არამედ ხაზს უსვამს ჩვენს მტკიცე რწმენას, რომ საქმიანი კავშირები ხელს შეუწყობს გერმანიასა და ჩინეთს შორის ხიდების მშენებლობას,“ – განაცხადა BMW China-ს გენერალურმა დირექტორმა იოჰენ ჰოლერმა.
კომპანიებს შორის ახალი შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს შენიანში აკუმულატორების წარმოების გაფართოებას. BMW-მ ამ ქალაქში უკვე მოახდინა საკუთარი ბაზის მოდერნიზება, მათ შორის, ივნისში 15 მლრდ იუანი (2,1 მლრდ დოლარი) ღირებულების ქარხანა ააშენა.
კომპანიას ჩინეთში სულ 28 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.