2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე ყველა კლინიკას ვალდებულება ექნება საერთაშორისო აკრედიტაცია გაიაროს. ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2025 წლის იანვრიდან ყველა სამედიცინო კლინიკას, ვინც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობას იღებს, ვალდებულება ექნება, რომ საერთაშორისო აკრედიტაცია გაიაროს.
„მთავრობის დადგენილებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2025 წლის იანვრიდან, ყველა სამედიცინო კლინიკას, სტაციონარს, ვინც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობას იღებს, ექნება ვალდებულება საერთაშორისო აკრედიტაცია გაიაროს. ეს იქნება ჩვენს მიერ შეთავაზებული 5 მაკრედიტირებელი საერთაშორისო კომპანიიდან ერთ-ერთი და მხოლოდ ამ აკრედიტაციის შემთხვევაში ექნებათ მათ შესაძლებლობა, გააგრძელონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობა.აქტიურად ვმუშაობთ, უბრალოდ ამ მთავრობის სხდომაზე ამის გამოატანა ვერ მოესწრო და ვფიქრობ, რომ მომდევნო მთავრობაზე გამოვიტანთ – ეს არის სამედიცინო აღჭურვილობის და სამედიცინო სახარჯი მასალების რეგულირების საკითხი, რომელიც გვინდა, რომ 2024 წლიდან სავალდებულო შემოვიდეს და ქვეყანაში წარმოებული თუ იმპორტირებული ნებისმიერი სამედიცინო აღჭურვილობა თუ სახარჯი მასალა მკაცრად გაკონტროლებული იქნება. ეს არის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ერთ-ერთი ნაწილი და ამიტომ არის მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა მინისტრმა.