Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ჟურნალ Forbes-ის გამომცემელი, Forbes Media ინვესტორთა ჯგუფთან ექსკლუზიურ მოლაპარაკებებს მართავს, რამაც შესაძლოა, მისი მფლობელი შეცვალოს.
Forbes Media-ს წარმომადგენელმა, ბილ ჰენქსმა სააგენტოს განუცხადა, რომ პოტენციურ მყიდველად საოჯახო ოფისებისა და უცხოელი ინვესტორების კონსორციუმი მოიაზრება, რომლის შეხედულებაც „კომპანიის სტრატეგიასა და მიზნებზე Forbes-ის მენეჯმენტის პოზიციას ემთხვევა.“ თუმცა, მისი თქმით, ჯერ უცნობია, გამოიწვევს თუ არა კომპანიის ნაწილობრივ ან სრულ გაყიდვას მიმდინარე მოლაპარაკებები.
გასულ წელს Bloomberg-ი წერდა, რომ Forbes ცნობილი ინვესტორის, მაიკლ მოს კომპანია GSV Asset Management-თან მართავდა მოლაპარაკებებს, რომელიც Forbes Media-ს 600 მლნ დოლარად აფასებდა. მოგვიანებით Forbes-მა გამოაცხადა, რომ საჯარო ვაჭრობაზე გასვლას შერწყმისა და შთანთქმის სპეციალიზებული კომპანიით, Magnum Opus Acquisition-ით აპირებდა, თუმცა ეს გეგმა მიმდინარე წლის ივნისში მიატოვა. ამის შემდეგ Axios წერდა, რომ Forbes-მა მოლაპარაკებები მაიკლ მოს GSV-სთან განაახლა.
ჟურნალ Forbes-ის ისტორია 1917 წლიდან იწყება. მისი აუდიტორია 140 მილიონზე მეტ ადამიანს მოიცავს. ბიზნესჟურნალის 49 ადგილობრივი ვერსია მსოფლიოს 82 ქვეყანაში გამოიცემა.