Copernicus პროგნოზით ევროპაში მომავალ ზამთარს ჰაერის ტემპერატურა ნორმაზე მაღალი იქნება.ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
Copernicus-ის თანახმად, ბალტიის, ხმელთაშუა და ჩრდილოეთის ზღვების სანაპირო რეგიონებში ტემპერატურა საშუალო ისტორიულ დონეს აცდება. ევროკავშირის მეტეოროლოგიური სამსახურის შეფასებით, არსებობს 50%-დან 60%-მდე შანსი, რომ დიდ ბრიტანეთში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში ზამთრის ტემპერატურა ისტორიულ ნორმას ბევრად აღემატებოდეს. ამასთან, საფრანგეთისა და გერმანიის ტერიტორიების აბსოლუტურ უმრავლესობას 40%-დან 50%-მდე ალბათობით მომდევნო სამი თვის განმავლობაში საშუალოზე დაბალი ნალექი მოელის. ამან შესაძლოა, შიდა მდინარის ტრანსპორტზე და ჰიდროენერგეტიკაზე, ასევე, სათხილამურო სეზონზე გავლენა იქონიოს.
Copernicus-ის 60-70%-მდე ალბათობით, აშშ-ის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილზე, ისევე, როგორც ჩინეთის, იაპონიისა და რუსეთის უმეტეს ტერიტორიაზე ზამთრის ტემპერატურა ნორმას მნიშვნელოვნად აცდება.
Bloomberg-ის შეფასებით, ევროპაში ზამთრის არანორმალურად მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა, ბუნებრივ აირზე მოთხოვნა შეამციროს და მისი მარაგი, 2023 წლის ცივი დასაწყისის შემთხვევაშიც კი, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სავსებით საკმარისი იყოს.
პროექტ Copernicus-ში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და აშშ-ის მეცნიერები მონაწილეობენ. ის კლიმატის პროგნოზს მსოფლიო თანამგზავრების, გემების, თვითმფრინავებისა და ამინდის სადგურების მრავალრიცხოვანი განზომილების საფუძველზე ადგენს.
წლევანდელი ოქტომბერი დაკვირვების მთელ ისტორიაში ყველაზე თბილი იყო ევროპაში.