შოტლანდიური ვისკი 20%-ზე მეტად გაძვირდა,გაყიდვების მოცულობა ინვესტორების ინტერესის ზრდის გამო კი 23%-ით გაიზარდა. ამის შესახებ შოტლანდიური საინვესტიციო ბანკის, Noble & Co-ის ანგარიშში წერია, რომელმაც კვლევა მონაცემთა კვლევის კომპანია Brainnwave-თან ერთად ჩაატარა. ინფორმაციას Financial Times (FT) ავრცელებს.
კვლევის ავტორების მიერ ვისკის აუქციონებზე ბოლო 10 წლის პერიოდის 580 000 ტრანზაქციის შესწავლის შედეგად: აუქციონებზე გაყიდვების ზრდა, ძირითადად, 100-დან 1000 ფუნტამდე (121-დან 1209 დოლარამდე) ღირებულების ვისკის ბოთლებმა განაპირობა. ეს ასახავს ახალგაზრდა მყიდველების ინტერესს, რომლებიც, Noble & Co-ის შეფასებით, ამ სასაქონლო აქტივებს უპირატეს ფინანსურ ინსტრუმენტად მიიჩნევენ, ასევე, ძვირადღირებულ ვისკის საჩუქრად ყიდულობენ. ამ სეგმენტში ვისკის ღირებულება წლის პირველ სამ კვარტალში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 40%-ით, გაყიდვები კი 30%-ით გაიზარდა.
FT წერს, რომ ფინანსური ბაზრების არასტაბილურობა, მაღალი ინფლაცია და წამყვანი ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ინვესტორებს აიძულებს, უსაფრთხო აქტივები ეძებონ. მაგალითად, გაზეთის მონაცემებით, მაშინ, როცა ვისკი 20%-ით გაძვირდა, S&P 500-ის ინდექსი, პრაქტიკულად, უცვლელი დარჩა, რაც მსოფლიო ცხოვრების ხარჯების კრიზისში ვისკის, როგორც აქტივის მდგრადობაზე მიუთითებს.შოტლანდიური ვისკის ასოციაციის მონაცემებით, ვისკი შოტლანდიის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია, რომლის წილიც ქვეყნის პროდუქტებისა და სასმელის ექსპორტში 75%-ს, ხოლო გაერთიანებული სამეფოს მთლიან სასაქონლო ექსპორტში 1.4%-ს შეადგენს.