2022 წლის დასაწყისისთვის იტალიაში 59 მილიონზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო ევროკავშირის ტერიტრიაზე იტალიელები ყველაზე მოხუცი ერია-იტალიის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის (ISTAT) მონაცემებშია აღნიშნული, რომელსაც Reuters ავრცელებს.
ISTAT-ის ხელმძღვანელის, ჯანკარლო ბლანჯარდოს განცხადებით წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის 1-ლი იანვრისთვის იტალიის მუდმივი მოსახლეობა 58,983 მილიონ ადამიანამდე შემცირდა.ქვეყნის მოსახლეობა 2014 წლიდან სტაბილურად მცირდება და მას შემდეგ მოსახლეობის საერთო კლება 1,36 მილიონ ადამიანზე მეტია.
ჯანკარლო ბლანჯარდოს შეფასებით, „იტალიის დემოგრაფიული პერსპექტივა სიცოცხლის ხანგრძლივობის მნიშვნელოვანი ზრდითა და შობადობის შესამჩნევი ვარდნით ხასიათდება, რაც, დანარჩენ ევროპასთან შედარებით, მოსახლეობის ბევრად უფრო სწრაფ დაბერებას იწვევს.“
ISTAT-ის სექტმებრის პროგნოზით, 2070 წლისთვის იტალიამ საბაზისო სცენარის თანახმად შესაძლოა, თავისი მოსახლეობის, თითქმის, მეხუთედი დაკარგოს და მან 47,7 მილიონამდე ადამიანი შეადგინოს.
Reuters წერს, რომ მოსახლეობის კლება და დაბერება იტალიის მთავარი საზრუნავია, რომლის ეკონომიკა სტაგნაციის მდგომარეობაშია. ეს, სხვა საკითხებთან ერთად, განპირობებულია საწარმოო პოტენციალის დაცემით, ინოვაციების დაბალი დონითა და მაღალი სოციალური დანახარჯებით.
დემოგრაფიის შეცვლა და ოჯახების მხარდაჭერა ახალი პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის მთავრობის მიერ გაცხადებული პრიორიტეტია, რომელიც 2023 წლის ბიუჯეტში ბავშვის მოვლის საშუალებებზე გადასახადების შემცირებისა და ბავშვის შემწეობის გაზრდის ინციციატივით გამოდის.