Resmi gazete-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით თურქეთში 1-ლი იანვრიდან ტურისტებისთვის სასტუმროებში, ტურისტულ სოფლებში, მოტელებში, პანსიონატებში, ოტელებში, კემპინგებსა და განსახლების სხვა ობიექტებში გასაჩერებლად 2%-იანი გადასახადი იმოქმედებს.
დაბეგვრის ოდენობაზე არანაირად არ იმოქმედებს სასტუმროების მიერ გაწეული მომსახურება, როგორიც არის კვება, დასასვენებელი აქტივობები, აუზით სარგებლობა, სპორტული, თერმომომსახურება და ა.შ. გადასახადის გადახდისგან თავისუფლდებიან საერთო საცხოვრებელში, პანსიონატებსა და კემპინგებში მცხოვრები სტუდენტები, ასევე, თურქეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კულტურისა და ტურიზმის მინისტრ მეჰმედ ნური ერსოის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლომდე თურქეთი 51,5 მილიონ ტურისტს, ხოლო ტურიზმიდან 46 მლრდ დოლარის შემოსავალს მოელის. მთავრობა იმედოვნებს, რომ ქვეყანა მომავალ წელს 60 მილიონ ტურისტს მიიღებს.