საქართველოში დეცენტრალიზაციისა და საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი პროგრამა შეიქმნა.ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომელიც დაფინანსებულია USAID საქართველოს მიერ და მისი ბიუჯეტი 21 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქუთაისის მუნიციპალიტეტმა შერჩევის სამივე ეტაპი წარმატებით გაიარა, პროგრამაში მონაწილეობის ფინანსური და რესურსული განსაკუთრებით მაღალი მზაობა გამოთქვა და იმ 11 მუნიციპალიტეტს შორის მოხვდა, სადაც პროგრამა 2023 წელს მუშაობას დაიწყებს.
„პროგრამის მთავარი მიზანია, დეცენტრალიზაციისა და საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა, ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობის, ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა, ასევე, ინკლუზიური და მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარების ხელშეწყობა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.