კომპანია „ტირიფონის ბაღებში“ მოყვანი ვაშლი ექსპორტზე დუბაიში გავა – ინფორმაცია Facebook-ით გავრცელდა.
კომპანიამ ვაშლის ინტენსიური ბაღების გაშენება გორის სოფელ კვარხითში 2014 წელს დაიწყო და დღეისთვის 31 ჰექტარზე სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებით აღჭურვილ ბაღებში 7 სახეობის ვაშლი და 2 სახეობის მსხალი მოჰყავს. მეურნეობა ასევე 1000 ტონის ტევადობის სამაცივრე საცავს მართავს.ვაშლის მოყვანა Global GAP-ით სტანდარტით ხორციელდება და შესაბამისი სერტიფიკატიც აქვთ. დღემდე „ტირიფონის ბაღებში“ მოყვანილი ვაშლი მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე „გორჯის“ ბრენდით იყიდებოდა.
„ტირიფონის ბაღების“ დირექტორის ზურაბ გოჯიაშვილის განცხადებით : „ამ ეტაპზე, 2022 წლის მოსავლიდან, მხოლოდ ერთი კონტეინერი უნდა გავგზავნოთ ექსპორტზე. რუსეთში ექსპორტის სურვილი დიდად არასოდეს გვქონია, ამავე დროს, საქართველო ვაშლის იმპორტიორი ქვეყანა გახლავთ, ამიტომაც მიგვაჩნდა, რომ პირველ რიგში ქართულ ბაზარზე არსებული დეფიციტი უნდა შეგვევსო, შემდეგ კი რომელიმე სტაბილურ ბაზარზე ექსპორტის შესახებ გვეფიქრა. არაბეთის ნახევარკუნძულის, აფრიკისა და ინდოეთის ოკეანის ქვეყნები ჩვენი პროდუქციისთვის ბუნებრივ ბაზრად მიგვაჩნია. ჩვენი პარტნიორები კომპანია “ექსიმკროპიდან” დაგვიკავშირდნენ და დუბაიში ექსპორტი შემოგვთავაზეს, რაშიც USAID სოფლის განვითარების პროგრამამ მნიშვნელოვანი დახმარება აღმოგვიჩინა და ახლა ამ პირველი 20-ტონიანი პარტიის ექსპორტს ვცდილობთ. სავარაუდოდ, შემდეგ კვირაში სამაცივრე კონტეინერს გადავტვირთავთ“.
ვაშლის ექსპორტი ბუშელის ყუთებით მოხდება. 18 კგ ტევადობის ე.წ. ბუშელები ვაშლის ფენების ერთმანეთისგან იზოლირებას უზრუნველყოფს, რათა თავიდან იქნეს აცილებული მექანიკური დაზიანება. სამაცივრე კონტეინერში უზრუნველყოფილი უნდა იყოს 1-2 გრადუსი ტემპერატურა, რასაც სპეციალური რეგისტრატორის მეშვეობით გავაკონტროლებთ“, – ამბობს ექსპორტის დეტალებზე საუბრისას კომპანიის დირექტორი.