ბელგიაში 1 ივლისიდან სხვადასხვა პლატფორმაზე აზარტული თამაშების რეკლამა აიკრძალება.აზარტული თამაშების რეკლამა აიკრძალება ტელევიზიაში, რადიოში, კინოთეატრებში, ჟურნალ-გაზეთებსა და საზოგადოებრივ ადგილებში. ასევე, აიკრძალება ონლაინ-რეკლამები ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში.
მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება დამოკიდებულებისა და ვალების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მიიღო. ამის შესახებ ბელგიის იუსტიციის მინისტრ ვინსენტ ვან კვიკენბორნმა განაცხადა, რასაც სააგენტო Reuters ავრცელებს.
„მთავრობა ღრმად არის შეშფოთებული აზარტული თამაშების რეკლამების დიდი რაოდენობის გავლენით, რასაც ჩვენი საზოგადოება აწყდება,“ – აცხადებს ვან კვიკენბორნი.
სამთავრობო აკრძალვა სამეცნიერო კვლევებმა განაპირობა, რომლის დროსაც დადგინდა, რომ რეკლამები აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებასა და მათთან დაკავშირებულ დავალიანებას უწყობს ხელს.