„ევროპულსის“ ინფორმაციით ამსტერდამის „წითელი ფანრების“ რაიონში კანაფის მოწევა იკრძალება,ამ გზით ქალაქის მერიას მოქალაქეების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სურს, რადგან ისინი დიდი ხანია, „მოწეული“ ტურისტების მიერ გამოწვეულ არეულობას უჩივიან. მერიაში აცხადებენ, რომ „ამსტერდამი უპირველეს ყოვლისა საცხოვრებელი, შემდეგ კი ტურისტული ქალაქია.“
ქალაქის ცენტრში რესტორნები და ბარები პარასკევ-შაბათს ღამის 2 საათამდე დაიხურება, ხოლო ტურისტებს ქალაქის ძველ ნაწილში ღამის 1-ლი საათის შემდეგ აღარ შეუშვებენ.
2021 წლის ბოლოსთვის ამსტერდამის მერიამ ქალაქის ცენტრში სუვენირების ბევრი მაღაზია, იაფი სასტუმროები და კანაფის მსუბუქი ნარკოტიკების გაყიდვის ნებართვის მქონე ყავის მაღაზიები დახურა. ისინი წიგნის მაღაზიებმა და სპორტულმა დარბაზებმა ჩაანაცვლა. ინოვაცია ნიდერლანდების დედაქალაქის ცენტრში 165 კომერციულ ობიექტს შეეხო. ზოგიერთი მათგანი მერიამ გამოისყიდა, ხოლო დანარჩენი გადაკვალიფიცირდა. ქვეყნის კანონმდებლობით, ამსტერდამის მერიას უფლება აქვს, ქალაქის ცენტრში გარკვეული მაღაზიების გახსნა აკრძალოს.
გადაჭარბებული ტურისტული ნაკადის პრობლემას სხვა ევროპული ქალაქებიც აწყდებიან. კერძოდ, ვენეციაში საკრუიზო გემებს ქალაქის ცენტრში შეცურვა აეკრძალათ, ხოლო ბარსელონაში დიდი ტურისტული ჯგუფები ვეღარ შევლენ.