გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტრო იმ პროდუქტების რეკლამის აკრძალვის ინიციატივით გამოდის, რომლებიც მეტად ბევრ შაქარს, ცხიმს ან მარილს შეიცავს. აკრძალვის მთავარ მიზეზად, ბავშვთა ჯანმრთელობა სახელდება, რადგან ბავშვების 15 %-ს ჭარბი წონა აქვს. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
უწყება არაჯანსაღი საკვები პროდუქტების რეკლამას, პირველ რიგში, ინტერნეტში, კერძოდ, სოციალურ ქსელებსა და YouTube-ზე აკრძალავს. ასეთ საკვებ პროდუქტებზე ვიდეორგოლები მხოლოდ 14 წელზე უფროსი ასაკის მაყურებლისთვის იქნება განკუთვნილი. რაც შეეხება ტელევიზიას, მავნე საკვებ პროდუქტებზე რეკლამა ეთერში მხოლოდ 23:00-დან 06:00 საათამდე დროში გავა.
ბილბორდებზე სწრაფი კვებისა და ტკბილეულის გარერეკლამა სკოლებიდან, საბავშვო ბაღებიდან, სათამაშო მოედნებიდან და გასართობი ობიექტებიდან 100 მეტრის რადიუსში აიკრძალება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, სიმსუქნის დიაგნოზი ისმება, თუ სხეულის მასის ინდექსი 30-ზე მეტია. ინდექსი მეტრ-კვადრატ სიმაღლესთან სხეულის კგ-წონის თანაფარდობით გამოითვლება. თუ ეს თანაფარდობა 25-დან 30-მდეა, სხეულის მასა ჭარბწონიანად ითვლება.
ბავშვებში კვების ჩვევების შესაცვლელად ევროპის ქვეყნები სხვადასხვა ზომას მიმართავენ. მაგალითად, ესპანეთის ვალენსიის სკოლებში ვენდინგური (სავაჭრო) ავტომატები 2017 წლის სექტემბრიდან ნამცხვრებისა და სხვა ტკბილეულის ნაცვლად ხილს, ჩირს, დაბალკალორიულ უშაქრო იოგურტებსა და ჭვავის პურს ყიდიან. ასევე, ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ მურსიის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უნივერსიტეტების გარდა) ცხიმის, მარილისა და შაქრის შემცველი საკვებ-სასმელის გაყიდვა ჯერ კიდევ 2010 წლიდან აიკრძალა.