2023 წლის მარტის თვის ინფლაციის ამსახველი ანგარიში საქსტატმა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მარტში ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ 5.3% შეადგინა, რაც 2021 წლის გაზაფხულის შემდეგ ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ჯგუფების მიხედვით, ფასების მატებაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათმა მოახდინა, სადაც მატება წლიურ ჭრილში 11.8%-ია. სანაცვლოდ, ფასები დაკლებულია ტრანსპორტის ჯგუფში
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.91 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (28.8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (16.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (13.6 პროცენტი), თევზეული (10.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.4 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (8.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-2.4 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.1 პროცენტიანი მატება, რაც 1.15 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (35.1 პროცენტი) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (5.8 პროცენტი);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 8.0 პროცენტით, რაც -1.0 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-15.0 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-3.2 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.9 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 9.1 პროცენტით, რაც -0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-20.5 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (11.2 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (7.5 პროცენტი).