მარტში კვერცხზე ფასი 6%-ით გაიზარდა. მოსალოდნელია თუ არა ფასის მატება აპრილშიც აღდგომის დღესასწაულის წინ, როცა პროდუქტზე მოთხოვნა ყველაზე მეტად იზრდება, ,,ბიზნსპრესნიუსთან” მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარემ ზურა უჩუმბეგაშვილმა ისაუბრა.
მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარის ზურა უჩუმბეგაშვილის განცხადებით მოკლევადიან პერიოდში კვერცხის ფასის არც ზრდა და არც შემცირება არ არის მოსალოდნელი.
„მარაგები გაკეთებულია და სიტუაცია ამ ეტაპზე ბაზარზე სტაბილურია. გამორიცხულია, რომ მოკლევადიან პერიოდში რამე შეიცვალოს, როგორც კვერცხის, ასევე ფრინველის ხორცის ნაწილში. ყველაფერი ნორმალურადაა, არც დეფიციტია მოსალოდნელი და არც ფასის ცვლილება. აღდგომამდე მაინც, ფასის ზრდა და შემცირებაც გამორიცხულია”, – განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.
გასულ წელს ქვეყანამ 648.9 მილიონი ცალი კვერცხი აწარმოა. ეს რიცხვი 2021 წელთან შედარებით 0.9%-ით ნაკლებია. წლის ბოლოსთვის, IV კვარტალში კვერცხის წარმოება 156.2 მილიონი ცალი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.5%-ით ნაკლებია.