სტამბოლში მსოფლიოში სიდიდით მე-5 ცენტრალური პარკი გაიხსნება.ამის შესახებ ქვეყნის გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების მინისტრ მურატ ქურუმმა განაცხადა, რასაც Hürriyet ავრცელებს.
ათათურქის აეროპორტის საზოგადოებრივი პარკი 2 მილიონ კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენდა და მოიცავს მწვანე სივრცეებს, ასევე, დაახლოებით, 70 ათასი კვადრატული მეტრის დახურულ ტერიტორიებსა და სოციალურ ობიექტებს.
ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ ველოსიპედისა და სასეირნო ბილიკებით, სათამაშო, ასევე, ჩოგბურთის, კალათბურთის და ფრენბურთის მოედნებით, სკეიტბორდინგის ტრასებითა და საგამოფენო დარბაზებით.
პარკში სტიქიური უბედურების შემთხვევაში შეკრების ზონები შეიქმნა, რომლებიც 40 000 კარავსა და, დაახლოებით, 165 000 ადამიანს დაიტევს.
პარკის შესასვლელში სათბურები და ბაღები მოეწყობა, სადაც ორგანული საკვების მოყვანა იქნება შესაძლებელი. მოქალაქეები, სურვილის შემთხვევაში, ნატურალურ საკვებს აქედან მიიღებენ. გაკეთდება ხელოვნური ნაკადული, სახელწოდებით, „აბ-ი ჰაიატ სუიუ,“ რომელიც სამხრეთ-ჩრდილოეთ მიმართულებით, დაახლოებით, 2,5 კმ სიგრძის იქნება.
ათათურქის აეროპორტის საზოგადოებრივ პარკში მოხვედრა ცხრა სხვადასხვა წერტილიდან არის შესაძლებელი.