ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლების თქმით წელს სამოგზაურო ტურებზე ფასები გაიზარდა. ქართველ დამსვენებელს 2023 წლის სეზონზე მოგზაურობა გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 20%-ით უფრო ძვირი დაუჯდება.
ტურისტული კომპანია Check in Travel-ის დირექტორი ია გედევანიშვილი აღნიშნავს, რომ ფასის ზრდა განსაკუთრებით მაისის თვეში დაფიქსირდება.
„დასვენების ღირებულება გასულ წელთან შედარებით ნამდვილად გაზრდილია, რადგან ფასმა მოიმატა, როგორც სასტუმროში განთავსებაზე, ასევე ავიაბილეთებზე. მოგზაურობა 10-20%-მდე არის გაზრდილი“ – განაცხადა გედევანიშვილმა
მოგზაურობაზე ფასების ზრდას ადასტურებენ კომპანია “პეგას ტურისტიკ ჯორჯიაშიც“. კომპანიის კომერციული დირექტორის, სალომე ბერაიას განმარტებით, წინასწარი ჯავშნები დასრულებულია და ტურების ღირებულება საწყის ფასს უბრუნდება.
„ფასი ინდივიდუალურია და ის მიმართულებაზეა დამოკიდებული, თუმცა ტურისტული პაკეტები საშუალოდ რომ ვივარაუდოთ, 20%-ით მაინც არის გაძვირებული. დასრულდა ნაადრევი ჯავშნებიც, რომლის საშუალებითაც დამსვენებლები მოგზაურობის დაგეგმვას თითქმის 40%-მდე ფასდაკლებით ახერხებდნენ, დეკემბრის თვიდან აპრილის პირველ რიცხვამდე ჰქონდა დამსვენებელს ამის საშუალება“ – აღნიშნავს სალომე ბერაია.