ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევა, ბოლო სამი წლის განმავლობაში შემთხვევათა რაოდენობა შეადგენს საშუალოდ 466-ს, ხოლო ამავე პერიოდზე ჯარიმის საშუალო ჯამური ოდენობა შეადგენს 3 728 ლარს. ინფორმაცია აღნიშნულია საკანონმდებლო ცვლილებების პროექტში
კანონის პროექტით, ძაღლის ღია სივრცეში – მათ შორის ბულვარში, პარკებსა და სკვერებში საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრება იგეგმება.
ცვლილების თანახმად, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ქალაქის ბულვარში, პარკში ან სკვერში ყოლა, გაფრთხილების ან 20 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა).
ამავე პროექტის გათვალისწინებით, თვითმმართველი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ნაცვლად 20 ლარისა. ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა – გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ნაცვლად არსებული 50 ლარისა.