„ტურიზმის შესახებ“ კანონის არარსებობისგან გამოწვეულ პრობლემებზე ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობდნენ ტურისტული სექტორის წარმომადგენლები. კანონპროექტს, რომლის ინიცირებაც მოხდა საკანონმდებლო ორგანოში, პროექტით გათვალისწინებულია ტურიზმთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, ტურიზმის სექტორში სამეწარმეო საქმიანობის რეგულირებისა და კოორდინაციის პრინციპების დადგენა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტების უზრუნველყოფა და სახელშეკრულებო ურთიერთობების რეგულირება, უფლებამოსილი ორგანოების ფუნქციებისა და მოვალეობების, სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მექანიზმების დადგენა, ტურისტების უფლებებისა და მოვალეობების, ტურისტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დებულებების დადგენა და ტურიზმთან დაკავშირებულ სხვა საკითხების განსაზღვრა.
„განისაზღვრება ტურიზმის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზანები, და პრინციპები, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფლებამოსილებანი; სავალდებულო ხდება ტურისტული საქმიანობების რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში; განისაზღვრება ტურ-ოპერატორის და კომბინირებული ტურისტული ხელშეკრულების მიმწოდებლის მიერ ვალდებულებების შესრულება/უზრუნველყოფა შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევით ან/და ფინანსური/საბანკო გარანტიით; მოვაჭრე (ტუროპერატორი და კომბინირებული მომსახურების მიმწოდებელი) ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას წარუდგენს შესაბამისი უზრუნველყოფის დამადასტურებელ ხელშეკრულების ერთ ეგზემპლარს. კანონპროექტის თანახმად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოფის აღსრულების საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ტურისტის მიერ უზრუნველყოფის გამოყენების მოთხოვნის მიღების შემდეგ მოახდენს ტურისტის სასარგებლოდ შესაბამისი გადახდების განხორციელების ორგანიზებას. თუ ეს შესაძლებელია, უზრუნველყოფის თანხა გამოიყენება პაკეტის მომსახურების გაგრძელებისთვის; კანონპროექტით განისაზღვრება მაღალი რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების, მათ შორის სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლის საქმიანობის რეგულირების საკითხები. კანონპროექტით, მაღალი რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების/აქტივობების სია და განხორციელების წესი განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით/ტექნიკური რეგლამენტით. კანონპროექტით სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლის საქმიანობის უფლების მოპოვება ხდება აკრედიტირებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებული პირების მეშვეობით; ტურისტული გიდების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მთავრობა განსაზღვრავს შესაბამის ადგილებს, სადაც ტურისტული გიდის საქმიანობის განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სახელმწიფო გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე პირებისთვის. მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მოპოვებისთვის წინაპირობები განისაზღვრება სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ტურისტული გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი მოწმობის მფლობელი პირი თავისუფლდება სახელმწიფო მუზეუმებსა და დაცულ ტერიტორიებზე შესვლისათვის დაწესებული გადასახდელისაგან,“ – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.