წელს ჟოლოს სეზონი მაღალი ფასებით დაიწყო, 1 კილოგრამის ფასი სუპერმარკეტებში 30 ლარს შეადგენს, ადგილობრივ მწარმოებლებთან კი ღირებულება 15-20 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის ფერმერების მხოლოდ ნაწილმა დაიწყო მოსავლის აღება.
ბოლო წლებში ძირითადი მწარმოებელი რეგიონია შიდა ქართლი, სადაც მოსავლის აღება დაახლოებით 10 დღეში დაიწყება. კახეთსა და ქვემო ქართლში, სადაც ბოლო პერიოდში ახალი ბაღები გაშენდა, ცუდი პირობების გამო ბევრმა ფერმერმა საქმიანობა შეწყვიტა.
იმერეთის რეგიონში, ჟოლოს მწარმოებელი კომპანია P&K Berries 4,6 ჰექტარ ჟოლოს ბაღებს ფლობს, საიდანაც 4 ჰექტარი ღია გრუნტში გაშენებისთვისაა განკუთვნილი, 0,6 კი ვერტიკალური გვირაბებია. P&K Berries-ის თანადამფუძნებელმა ვასო ფურცელაძემ EastFruit-თან საუბარში განაცხადა, რომ ვერტიკალურ გვირაბებში წარმოება გაცილებით მომგებიანია, მიუხედავად იმისა, რომ საწყისი ინვესტიცია მეტია საჭირო. ცნობისათვის, კომპანიის საწყისი ინვესტიცია 16500 ლარს შეადგენდა.
როგორც ფურცელაძე აცხადებს, სამომავლოდ ის 600 000 ლარის მოცულობის ინვესტიციის დამატებას გეგმავს, რომელიც, მისი აზრით, გაამართლებს.