პარიზმა ურბანული განვითარების ახალი გეგმა დაამტკიცა, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში 12 სართულზე მეტი, ანუ 37 მეტრზე მაღალი შენობების აშენებას კრძალავს. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
აკრძალვის დაწესება პარიზელთა უკმაყოფილების გამო გადაწყდა, რაც პირამიდის ფორმის ცათამბჯენ Tour Triangle-ის მშენებლობას მოჰყვა. ის ქალაქში ყველაზე მაღალი მესამე შენობა იქნება. მოქალაქეების შეფასებით, მაღალი შენობები ქალაქის არსებულ არქიტექტურულ იერსახეს ამახინჯებს.
ახალი აკრძალვით ქალაქდაგეგმარების ძველი კანონი ბრუნდება, რომელიც 1977 წლიდან 2010 წლამდე მოქმედებდა. ეს კანონი დაინერგა 210 მეტრ სიმაღლის საოფისე კოშკის, Tour Montparnasse-ის მშენებლობის დროს, რასაც მაშინაც მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ქალაქების ავთენტური სახის შენარჩუნებას ევროპის სხვა ქვეყნებშიც ცდილობენ. მაგალითად, 2020 წელს პრაღამ ისტორიულ უბანში ასაშენებელი საცხოვრებელი სახლების სიმაღლის კვოტა, თითქმის, გაანახევრა და 36 მეტრამდე შეამცირა. მანამდე იქ 66-მეტრიანი შენობების აშენება იყო ნებადართული. გადაწყვეტილება ჩეხეთის კულტურის სამინისტრომ და პრაღის ხელისუფლებამ UNESCO-ს 2017 წლის ოფიციალური გაფრთხილების შემდეგ მიიღო, რომ მაღალსართულიანი შენობები პრაღის ისტორიულ იერსახეს დაარღვევდა და ქალაქი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს დაკარგავდა. პრაღამ ეს სტატუსი 1992 წელს მიიღო.