აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა კალიფორნიის შტატში მოქმედ ორ კომპანიაზე ცოცხალი ფრინველის უჯრედებიდან ლაბორატორიულად გამოყვანილი ქათმის ხორცის გაყიდვის ნებართვა გასცა-ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
კომპანეიბს, Upside Foods-სა და Good Meat-ს უკვე ოფიციალურად შეუძლიათ, თავიანთი პროდუქტები სუპერმარკეტებსა და რესტორნებს მიაწოდონ. რამდენიმე თვის წინ აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის სურსათისა და წამლის ხარისხის კონტროლის სააგენტომ ლაბორატორიულად გამოყვანილი ქათმის ხორცი კვებისთვის ვარგისიან პროდუქტად გამოაცხადა.
ქათმის ხორცი ლაბორატორიის ფოლადის ავზებში გამოჰყავთ, რისთვისაც ფრინველის ცოცხალი უჯრედები, განაყოფიერებული კვერცხუჯრედები ან სპეციალური „უჯრედების ბანკები“გამოიყენება. წარმოების პროცესში უჯრედულ მასას ტრადიციულ ხორცპროდუქტების, კერძოდ, კატლეტების, სოსისების ან ფილეს ფორმა ეძლევა. თუმცა ლაბორატორიულად გამოყვანილი ხორცი ამერიკული მაღაზიების თაროებზე მალე არ გამოჩნდება, რადგან მისი მაღალი თვითღირებულება შეუძლებელს ხდის ისეთივე მასშტაბის წარმოებას, როგორც ჩვეულებრივი ქათამი იწარმოება.
კომპანია Upside Foods-ის ქარხანას, რომელიც კალიფორნიის შტატის ქალაქ ემერივილში მდებარეობს, ამჟამად წელიწადში მხოლოდ 22 ტონა ხორცის წარმოება შეუძლია, მაშინ, როცა აშშ-ში ჩვეულებრივი ქათმის წარმოება ყოველწლიურად 22,6 მილიონ ტონას აღწევს. უახლოეს მომავალში კომპანიები თავიანთი პროდუქციას სან-ფრანცისკოსა და ვაშინგტონის მხოლოდ ორ მაღალი დონის სამზარეულოს რესტორნებს მიაწვდიან.