გორში, თამარ მეფის გამზირზე და სუხიშვილის ქუჩაზე კორპუსების ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს – ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
რეაბილიტაცია თამარ მეფის გამზირზე №33, სუხიშვილის ქუჩაზე №18 და №20 კორპუსების ეზოებში ტარდება.
„გარდა ამისა, მალე დაიწყება კიდევ 9 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს რეაბილიტაციაც: ჭავჭავაძის გამზირი №47, აღმაშენებლის გამზირი №44, აღმაშენებლის გამზირი №46, ბაქოს ქუჩა №2, რუსთაველის №49, სტალინის გამზირი №8, სტალინის გამზირი №13, ამილახვრის ქუჩა №23, ნადირაძის №15. თორმეტივე პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100%-ით ფინანსდება. სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. პროგრამის 2023 წლის ბიუჯეტი 2 მლნ ლარია. მიმდინარე წელს, დაფინანსების მიზნით, 100 – მდე ამხანაგობამ წარმოადგინა საპროექტო ინიციატივა. მათი განხორციელება ეტაპობრივად იგეგმება. პროექტების შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება სარეაბილიტაციო ობიექტის დაზიანების ხარისხს. სახურავების გადახურვა (90%), ეზოს მოასფალტება (100%), სასმელი წყლის (100%), საკანალიზაციო სისტემების (100%), კორპუსების ფასადების (90%), ლიფტებისა (90%) და სადარბაზოების რეაბილიტაცია (90%) – ეს იმ სამუშაოების არასრული ჩამონათვალია, რაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. 90% – იანი თანადაფინანსების შემთხვევაში, მერია ამხანაგობების სოციალურად დაუცველი წევრების წილობრივ თანხასაც აფინანსებს. თანადაფინანსების პროგრამა მუნიციპალიტეტს პრივატიზებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების კანონიერად დახმარების საშუალებას აძლევს. მოქალაქეები მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით ახორციელებენ პატარ-პატარა პროექტებს. პროგრამა ამხანაგობის წევრებს საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევს, თანამონაწილეობა კი, ამაღლებს საერთო საკუთრების მიმართ მოსახლეობის პასუხისმგებლობას”, – ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში