გერმანიას კვალიფიციური მუშაკების დეფიციტის მოსაგვარებლად 1 მილიონი მიგრანტი სჭირდება. ამის შესახებ ქალაქ კილში მდებარე მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის (IfW) პრეზიდენტმა, მორიც შულარიკმა განაცხადა, რომელსაც გაზეთ Rheinische Post ავრცელებს.
„ჩვენი ყველაზე დიდი კონკურენტული მინუსი კორპორატიული გადასახადები კი არა, კვალიფიციური მუშაკებისა და დემოგრაფიის ნაკლებობაა. ჩვენ მილიონი მიგრანტი გვჭირდება. ამისთვის, გერმანელი ეკონომისტის შეფასებით, ქვეყანა სათანადოდ უნდა „გაიხსნას,“ რაც ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმა იქნება. ცვლილებას გამბედაობა სჭირდება,” – ამბობს მორიც შულარიკი.
შულარიკი, ასევე საჭიროდ მიიჩნევს „სკოლამდელი განათლების სისტემის გაფართოებას, რომ დედები შრომის ბაზარზე დარჩნენ.“
მანამდე გერმანიის მთავრობის ეკონომიკური საბჭოს წევრმა, მონიკა შნიტცერმა გაზეთ Süddeutsche Zeitung-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ გერმანიას დემოგრაფიული პრობლემების გამო წელიწადში, დაახლოებით, 1,5 მილიონი ვიზიტორი სჭირდება, რათა ეკონომიკა სასურველ დონეზე ფუნქციონირდეს. მეტიც, ის მიიჩნევს, რომ ყველა განმცხადებლისგან გერმანული ენის კარგი ცოდნის მოთხოვნა აუცილებელი არ არის, რადგან ზოგიერთ ვაკანსიაზე ეს ზედმეტი პირობაა.
23 ივნისს ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა ახალ კანონპროექტს, რომელიც კვალიფიციურ მუშაკებს ევროკავშირის გარედან ქვეყანაში შესვლას გაუადვილებს.კანონი კვალიფიციურ პროფესიონალებს გერმანიაში შესვლის უფლებას მაშინაც კი აძლევს, თუ მათ ჯერ არ გაუფორმებიათ ხელშეკრულება დამსაქმებელთან. ამ შემთხვევაში მათ უნდა დაადასტურონ გერმანული ენის ცოდნა, ასევე, დიპლომისა და სამუშაო გამოცდილების ქონა. ქვეყანაში შესვლის შანსი უფრო მაღალია, თუ სამუშაო ვიზაზე განმცხადებლის ნათესავები გერმანიაში უკვე ცხოვრობენ. უცხოელებს სამუშაოს მოსაძებნად ერთი წელი მიეცემათ.
გერმანიის ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, 2022 წელს კომერციულმა ორგანიზაციებმა 630 000 ვაკანსიაზე კვალიფიციური სპეციალისტები ვერ მოიძიეს, მაშინ, როცა 2021 წელს ეს მაჩვენებელი 280 000-ს შეადგენდა.
ექსპერტების პროგნოზით, თუ გერმანია უცხოური მუშახელის მისაზიდად არაფერს გააკეთებს, 12 წელიწადში ქვეყნის ეკონომიკას 7 მილიონი მუშაკი დააკლდება.