ძალაში შევიდა შეთანხმება „საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ”, აღნიშნულ შეთანხმებას ერევანში, 2023 წლის 12 იანვარს მოეწერა ხელი – ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისათვის ურთიერთ მიმოსვლის კიდევ უფრო ხელსაყრელი პირობების შემოღებას.
„შეთანხმების თანახმად, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს უფლება აქვთ იმოგზაურონ საქართველოდან სომხეთში და პირიქით ბიომეტრიული პირადობის მოწმობით, საერთაშორისო მიმოვლისათვის ნებადართული სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ანაცვლებს 1993 წლის 19 მაისს ხელმოწერილ შეთანხმებას “საქართველოს რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა მათ ტერიტორიაზე უვიზო მოძრაობის შესახებ”, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.