ნიუ-იორკში კაკაოს ფიუჩერსების ფასმა ტონაზე 3,5 ათას დოლარს გადააჭარბა. ფასების ზრდის მთავარი მიზეზი დასავლეთ აფრიკაში წარმოების შემცირება გახდა, რომელიც მსოფლიოში კაკაოს მარცვლის ორი-მესამედის მთავარი მიმწოდებელია.
Bloomberg წერს, რომ კაკაოს მარცვლის მთავარ მწარმოებელ ქვეყნებში, კოტ-დ’ივუარსა და განაში ძლიერმა წვიმამ მოსავალზე უარყოფითად იმოქმედა. ამას კლიმატურ მოვლენა El Niño-ს უკავშირებენ, რომელიც წყნარი ოკეანის ეკვატორული ნაწილის ზედაპირული ტემპერატურის მატებას და შედეგად აფრიკაში ძლიერ წვიმებს, ხოლო სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში უჩვეულო სიცხეს იწვევს.
Bloomberg-ის პროგნოზით, კოტ-დ’ივუარში, რომელიც კაკაოს ბაზრის, დაახლოებით, 40%-ზე არის პასუხისმგებელი, კაკაოს მარცვლის მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, 20%-ით შემცირდება, ხოლო განაში კაკაოს მოსავალი ისტორიულ საშუალოზე დაბალ დონემდე დაეცემა.
სააგენტოს მონაცემებით, ჩრდილოეთ ამერიკის კაკაოს მარცვლის გადამამუშავებელი ქარხნების წარმოება მეორე კვარტალში, თითქმის, 12%-ით შემცირდა და 2008 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია.
2022 წელს შოკოლადის გლობალური გაყიდვები ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პირველად დაეცა. გამოცემა წერს, რომ შოკოლადის ქარხნები ამცირებენ წარმოებას კაკაოს მაღალი ფასებისა და ინფლაციის გამო, რაც მათ მოგებასა და მომხმარებელზე უარყოფითად მოქმედებს.
Ghana Cocoa Marketing Company-ის ხელმძღვანელი, ფუად მუჰამედ აბუბაქარი აცხადებს, რომ კაკაოს მარცვლის ნაწილი დაავადებებმა და წვიმამ გაანადგურა, რის შედეგადაც ქარხნები საკმარის პროდუქტს ვერ იღებენ. საინვესტიციო კომპანია Fontvielle-ის გლობალური ბაზრების ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, არტურ მეინჰარდის თქმით, ახალი პარტიების მიწოდებას საფრთხე მთავარ ექსპორტიორ ქვეყნებში არსებული პრობლემების გამო ემუქრება.