ივნისში სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა საშუალოდ 13.1% შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.განაკვეთების შემცირება ლარის სესხებზე პროცენტების დაწევას უკავშირდება – ინფორმაცია ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის მიმოხილვის ახალ ანგარიშში წერია.
„ივნისში სესხების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები წინა თვესთან შედარებით 1.0 პპ-ით შემცირდა და 13.1% შეადგინა. ეროვნული ვალუტით სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.7 პპ-ით 15.9%-მდე შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი უცვლელია და 9.0%- ის დონეზეა.
იურიდიულ პირებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.1 პპ-ით შემცირდა და ივნისში 13.7% შეადგინა. იპოთეკურ სესხებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.7 პპ-ით შემცირდა და 12.0% შეადგინა.
ივნისში, წინა თვესთან შედარებით, იურიდიულ პირებზე უცხოური ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.4 პპ-ით 9.4%-მდე შემცირდა.
უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთები 0.1 პპ-ით 7.1%-მდე შემცირდა.
ივნისში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 13.5%-ით გაიზარდა. სესხების ზრდის ტემპმა წინა თვესთან შედარებით 0.7 პპ-ით მოიმატა.
ივნისში, ლარით დაკრედიტება წლიურად 15.7%-ით, 25.9 მლრდ ლარამდე გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 8.1 პპ-იანი წვლილი შეიტანა.
უცხოური ვალუტით დაკრედიტება (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) 11.1%-მდე გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 5.4 პპ-იანი წვლილი შეიტანა“, – ნათქვამია ანგარიშში.
ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად უცხოური ვალუტით დაკრედიტების ტემპის ზრდა ძირითადად ბიზნეს სესხების ზრდის ტემპის მატებით არის განპირობებული, რომლის წვლილი მთლიანი სესხების ზრდაში, წინა თვესთან შედარებით, 0.7 პპ-ით გაიზარდა, იპოთეკური სესხების წვლილი კი არ შეცვლილა. „სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი მცირედით შემცირდა თუმცა კვლავ მაღალ დონეზეა და მთლიან სესხებში 3.5 პპ-იანი წვლილი შეიტანა“, – წერია სებ-ის ანგარიშში.