შანხაიში დაფუძნებულმა კომპანია, CellX-მა ხელოვნური ხორცის წარმოებისთვის საპილოტე ქარხანა გახსნა -ინფორმაციას South China Morning Post ავრცელებს.
CellX-ის აღმასრულებელი დირექტორი, იან ცზილიანი აცხადებს, რომ „საპილოტე წარმოებიდან მიღებული დასკვნები კომპანიის კომერციული საწარმოო კომპლექსისთვის იქნება გამოყენებული, რომლის დასრულებაც 2025 წლისთვის იგეგმება და რომელიც წელიწადში ასობით ტონა პროდუქტის წარმოებას შეძლებს.“ საწარმოს 2 ათასი ლიტრი მოცულობის ბიორეაქტორი აქვს. დროთა განმავლობაში, აღჭურვილობის რაოდენობა გაიზრდება, ხოლო პროდუქტის ღირებულება, მაღალი ხარისხის შენარჩუნებით, შემცირდება და კილოგრამზე 100 დოლარზე ნაკლები იქნება.
ცზილიანი აცხადებს, რომ წლის ბოლოს CellX შეერთებულ შტატებსა და სინგაპურს ხელოვნური ხორცის გაყიდვის ნებართვის მისაღებად მიმართავს. ლაბორატორიაში მოყვანილი პროდუქტების გაყიდვა ჯერჯერობით მხოლოდ ამ ქვეყნებში არის დამტკიცებული.
ჩინური კომპანია საერთაშორისო ბაზარზე გასვლას 2025 წლისთვის გეგმავს.
გამოცემა წერს, რომ ქარხნის საპილოტე ვერსიის შექმნა ჩინეთისთვის გარღვევაა, რადგან 1,4 მილიარდი ადამიანის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ქვეყანა ცხოველური ცილის წყაროს პოვნაში გამოწვევის წინაშე დგას.