საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების მოთხოვნით მხოლოდ ივლისის თვეში 2 083 განაცხადი შევიდა. ინფორმაცია ევროკავშირის ლტოლვილთა სააგენტოს (European Union Agency for Asylum- EUAA) ივლისის აპლიკაციათა სტატისტიკურ მონაცემებში წერია, რაც მის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
EUAA-ს ივლისის შედეგები წარმოშობის ქვეყნების მიხედვით თავშესაფრის მაძიებელთა უახლეს ტენდენციას ასახავს. საქართველო თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით, რეგიონში თურქეთის შემდეგ მეორე ადგილზეა და ის ომში მყოფ უკრაინასაც კი უსწრებს.
მეზობელი ქვეყნებიდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით ივლისის მონაცემები:
- თურქეთი – 6 728 განაცხადი
- საქართველო – 2 083
- რუსეთი – 1 760
- უკრაინა – 1 104
- ირანი – 1 095
- სომხეთი – 472
- აზერბაიჯანი – 252
ხოლო, რაც შეეხება მსოფლიო მასშტაბს, საქართველო პირველ ათეულში რჩება და მე-10 ადგილს იკავებს. ყველზე მეტი რაოდენობის აპლიკაცია სირიიდან დაფიქსირდა, საიდანაც მხოლოდ ივლისში ევროკავშირში თავშესაფარი 14,798-მა აპლიკანტმა მოითხოვა.
კერძოდ:
- სირია – 14 798
- ავღანეთი – 9 019
- თურქეთი – 6 728
- ვენესუელა – 5 011
- კოლუმბია – 4 706
- ბანგლადეში – 2 863
- მაროკო – 2 691
- პაკისტანი – 2 530
- ეგვიპტე – 2 169
- საქართველო – 2 083
მთლიანობაში, მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში, ანუ იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე, ნორვეგიასა და შვეიცარიაში უკვე 801 459-მა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი, რაც 2016 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2016 წელს თავშესაფრის მოთხოვნაზე 1,23 მილიონი განაცხადი დაფიქსირდა. .