მთავრობამ ტექნიკურ რეგლამენტში „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ ცვლილებები შეიტანა.
მთავრობის ახალი დადგენილებით, ქვეყნის შიდა გადაზიდვებში ჩართული ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რეგლამენტით გათვალისწინებული დებულებები 2025 წლის 1-ლი ივნისიდან ამოქმედდება.
„ინსპექტირების ორგანოს მიერ სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის დარეგულირება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ შესაბამისი კატეგორიის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების სიჩქარე არ აღემატებოდეს გზებზე გადაადგილებისას მაქსიმალურ დასაშვებ ზღვრებს, ტაქოგრაფიდან ან, მისი არარსებობის შემთხვევაში, სპიდომეტრიდან მიღებული სიჩქარის იმპულსის სიგნალის (მახასიათებელი კოეფიციენტის) სიდიდის გათვალისწინებით,“ – აღნიშნულია დადგენილებაში.
ცნობისთვის, ეს რეგლამენტი მთავრობამ 2017 წელს დაამტკიცა და მისი დებულებები უკვე სავალდებულოა საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული ან/და პირველად რეგისტრირებული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის.