განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ნოდარ პაპუკაშვილის თქმით, პროფესიული განათლების მიმართულებით 2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ჯამურმა ოდენობამ 124 მლნ ლარი შეადგინა.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2023 წელს მიღება გამოცხადდა 17 000-ზე მეტ ადგილზე და ჩაირიცხა 13 000-ზე მეტი სტუდენტი. ხელმისაწვდომია პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების 450-ზე მეტი პროგრამა.
მინისტრის მოადგილემ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორის სტანდარტზე და ერთობლივ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზეც ისაუბრა.
პაპუკაშვილის თქმით გაიზარდა, როგორც წარჩინებულ სტუდენტთათვის სახელმწიფო სტიპენდიის, ასევე სახელმწიფო სტიპენდიის ბენეფიციართა რაოდენობა.
მომხსენებელმა ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებისთვის დავალიანების სრულად განულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 30 000-მდე სტუდენტს გაუნულდა დავალიანება და ჯამში ამ თანხამ 40 მლნ ლარამდე შეადგინა. ნოდარ პაპუკაშვილმა სახელმწიფოს მიერ უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სრულად დაფინანსებულ პრიორიტეტულ პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება.
„სტუდენტი პრიორიტეტული პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო დაფინანსებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა სასწავლო წელს ათვისებული ექნება პროგრამით გათვალისწინებული არანაკლებ 45 კრედიტი“, – განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.
სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომლის თანახმადაც საჯარო სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებადი გახდა. გივი მიქანაძის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, კომიტეტი ქვეყნის მასშტაბით, კერძო და საჯარო უნივერსიტეტებში იწყებს საინფორმაციო შეხვედრებს.
„გვაქვს მოლოდინი, რომ 2024 წელს საშუალოდ 5 000 ახალგაზრდა მივიღოთ საჯარო სექტორში სტაჟირებაზე. აღნიშნული, ახალი კადრების მოზიდვისა და მათი დახელოვნებისთვის, ასევე საჯარო სექტორში ახალი სიცოცხლის შემოტანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გივი მიქანაძე.