currenttime-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ყაზახეთის ქალაქ ყარაღანდაში პოლიციის განყოფილება გაიხსნა, რომელიც მხოლოდ ქალებით არის დაკომპლექტებული.
აღნიშნული პროექტის მიზანი ოჯახური ძალადობით დაზარალებული ქალების დახმარებაა.ერთ თვეზე ნაკლებ დროში პოლიციის განყოფილებაში უკვე 500-ზე მეტი მიმართვა დამუშავდა. კაბინეტების კარი კი იქ ყოველთვის ღიაა, ხოლო თანამშრომლებს პოლიციის ფორმის ტარება არ ევალებათ.
განყოფილების ოფიციალური სახელწოდება „ოჯახის დახმარების ცენტრია.” მისი ხელმძღვანელი, გულბანუ სატპაევა-ალპისბაევა ამბობს, რომ პოლიციის ქალთა განყოფილება ქალაქის სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმირების ნაწილია.
„ქალისთვის უფრო ადვილია თავისი პრობლემის შესახებ ქალს უამბოს,“ – აცხადებს სატპაევა-ალპისბაევა.
ცენტრის სპეციფიკა ოჯახური კონფლიქტები, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობაა. შესაბამისად, პერსონალში არა მხოლოდ გამომძიებლები და არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექტორები, არამედ ფსიქოლოგები და სამეურვეო ორგანოთა წარმომადგენლები შედიან.
მხოლოდ წელს ყარაღანდის პოლიციამ ოჯახურ ძალადობაზე, თითქმის, 50 ათასი შეტყობინება მიიღო.