თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის ადმინისტარციულ საზღვრებში საავტომობილო გზებზე იკრძალება დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა.
“საცობების წარმოქმნაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუზღვით დიდი გაბარიტების ავტომობილებს, რომლებიც თავისი გაბარიტებიდან და მოცულობიდან გამომდინარე ძალიან აფერხებენ მოძრაობას. ყოველდღიურად არის ფაქტები, როცა ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები და ეს კიდევ უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. წარმოიდგინეთ ამხელა მანქანა, რომელიც გაჩერებულია, ელოდება პატრულს, ეს იწვევს საცობს. შედეგად კი, ჯაჭვურად სხვა ქუჩებზეც ფერხდება მოძრაობა.
გუშინ პარლამენტმა მე-3 მოსმენით დაამტკიცა, კანონში ცვლილებები, რომლის თანახმადაც, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საავტომობილო გზებზე აიკრძალება M3 (5ტონაზე მეტი მასის მქონე 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება); N2 (3,5 ტონაზე მეტი 12 ტონამდე) და N3 (12 ტონაზე მეტი მოცულობის ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალება) კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. შეზღუდვა იმოქმედებს დილის 08:00-დან 11 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათის შუალედში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათს, კვირას, უქმე დღებში და ასევე აგვისტოს პერიოდში,“- განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება: საჯარო დაწესებულების სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან ამ დაწესებულების საქმიანობის მიზნებისთვის; იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ლურჯი ან/და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალის გამოყენების უფლება აქვთ; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, აგრეთვე იმ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც გადაჰყავთ ბავშვები; იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს, ასევე მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ გაიცემა თანხმობა.
კალაძის განმარტებით, შეზღუდვა იმოქმედებს მხოლოდ თბილისის კონკრეტულ მონაკვეთზე, სადაც პიკის საათებში განსაკუთრებით იქმნება გადაადგილების პრობლემა. ჯარიმა დარღვევის შემთხვევაში პირველ ჯერზე 1000, ხოლო განმეორებით შემთხვევებზე 3 ათასი ლარი იქნება.