ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წელს 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია იზრდება 50 ლარით და განისაზღვრება 415 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში ამ პირთა პენსიის მოცულობა თითქმის 500 ლარს მიაღწევს.
ხუციშვილის თქმით, 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და შეადგენს 315 ლარს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 378 ლარს;
„2024 წელს გაზრდილია გასაცემლების მოცულობები, როგორც პენსიების, ასევე, სახელმწიფო კომპენსაციების ნაწილში.
ბოლო 4 წლის განმავლობაში საპენსიო გასაცემლების მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. კერძოდ, 70 წლამდე პირებისთვის ზრდა 43%-ია, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირებისთვის პენსიის ზრდა 66%-ია.
სახელმწიფო კომპენსაციებისთვის დღეს არსებული 560 ლარიანი ზღვარი იზრდება 78%-ზე მეტით და განისაზღვრება 1000 ლარის ოდენობით”,- განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, ხუციშვილის თქმით, 200 ლარით გაიზრდება და 1200 ლარი გახდება საომარი მოქმედებების დროს ან კრიმინალთან ბრძოლის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრების კომპენსაციები.
“იზრდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების ნამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის ოდენობა, კერძოდ: უმცროს სპეციალურ წოდებაზე (გარდა ოფიცრისა): 2-დან 5 ლარამდე; უმცროსი ოფიცრის წოდებაზე: 5-დან 10 ლარამდე; უფროსი ოფიცრის წოდებაზე: 10-დან 15 ლარამდე; უმაღლესი ოფიცრის წოდებაზე: 15-დან 25 ლარამდე“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.