Wizz Air-ის ბილეთების ფასის ზრდას წინ უძღოდა ავიაკომპანიის პრობლემა Airbus-ის თვითმფრინავებში დაყენებული Pratt & Whitney-ის ძრავებთან დაკავშირებით და ათობით ფრენების შეწყვეტა ევროპის მასშტაბით.
მგზავრები Wizz Air-ს ხშირად მისი დაფალი ფასის გამო ირჩევდნენ.
Oktravel-ის ოპერატორი, თამარ ფარცვანია აცხადებს, რომ ზამთართან შედარებით, ტურების ღირებულება გაზრდილია 50%-ით, რაც უკავშირდება Wizz Air-ის ფასების ზრდას.
„ზამთრის პერიოდთან შედარებით, მომატებულია Wizz Air-ის ფასები დაახლოებით 50%-ით მაინც. ეს გავლენას არ ახდენს ჩვენს ტურისტულზე, ვისაც შეძენა სურს, მაინც ყიდულობს ბილეთებს. ზამთართან შედარებით ინდივიდუალური ტურების ღირებულება დაახლოებით 50%-ით გაიზარდა“, – განაცხადა თამარ ფარცვანიამ.
Ntravel kutais-ის დირექტორი ნანი ზაუტაშვილი ამბობს, რომ მათი გაყიდვების 85-90% Wizz Air-ზე მოდის, ფასის ზრდის მიუხედავად კი, მოთხოვნა არ შემცირებულა. რაც შეეხება ტურების ღირებულებას, Ntravel kutais-ში აცხადებენ, რომ შეძლეს ზოგ მიმართულებაზე ფასები შეენარჩუნებინათ.
„მგზავრებს ყოველთვის ვთავაზობთ ამ ავიაკომპანიით სარგებლობას, რადგან ევროპის მიმართულებით პირდაპირი რეისები ძალიან კომფორტულია. ავიაკომპანიას ზოგიერთ მიმართულებაზე ფასების ზრდა მოუწია, რამაც ჩვენი მიზნები, რომ მგზავრს შევთავაზოთ ბიუჯეტურად მოგზაურობა, შეცვალა, თუმცა დარჩა მიმართულებები, სადაც ისევ არის ბიუჯეტურად მოგზაურობა შესაძლებელი და მგზავრებს ამ ალტერნატივებს ვთავაზობთ. Wizz air-ის ავიაბილეთებზე მოთხოვნა ისევ იმ სიხშირითაა, პირიქითაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად, დიდია დაინტერესება ევროპის ან ემირატების მიმართულებით“, – განაცხადა ნანი ზაუტაშვილმა.
“ვოიაჟერ 365“-ის გენერალური დირექტორის, ნუნუკა ბოკუჩავას თქმით, მომხმარებლები Wizz Air-ის ბილეთებს აღარ ყიდულობენ, რადგან მისი ფასი Pegasusu Airlines-ისა და turkish Airlines-ის ფასებს გაუტოლდა, შესაბამისად, მგზავრებს ურჩევნიათ მცირედი თანხა დაამატონ და ფრენა თბილისიდან განახორციელონ.
„მომხმარებლები რეალურად აღარ ყიდულობენ მათ ბილეთებს, ურჩევნიათ რომ თბილისიდან წავიდნენ, რადგან Wizz Air ფასი გაუტოლდა პეგასუსს, თურქიშს და სხვა ავიაკომპანიებს. Wizz Air-ის საიტი საერთაშორისოა, ტურისტულებზეც იგივე ფასები აქვთ, შესაბამისად, Wizz Air სარგებლობისას გაიზარდა ტურების ფასები, მაგრამ მომხმარებლებს მაინც ურჩევნიათ, რომ პირდაპირი რეისით წავიდე და თანხა გადაიხადონ“, – ამბობს ნუნუკა ბოკუჩავა.