Forbes Advisor-მა ტურისტებისთვის ყველაზე მაღალი რისკის შემცველი ქალაქების 2024 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ვენესუელას, პაკისტანისა და მიანმარის ქალაქები საერთაშორისო მოგზაურთათვის ყველაზე საშიშ მიმართულებებად დასახელდა.
კვლევა მსოფლიოს მაშტაბით 60 ქალაქში რამდენიმე კრიტერიუმით ჩატარდა: კრიმინალის დონე, პირადი უსაფრთხოება, ჯანმრთელობა, ინფრასტრუქტურა, ბუნებრივი კატასტროფები და ციფრული უსაფრთხოება. ქალაქები რისკების გათვალისწინებით 100 ქულიანი შკალით შეფასდა.
კვლევის მიხედვით, მოგზაურთათვის ყველაზე დიდი რისკის მქონე ვენესუელას დედაქალაქი კარაკასია. ეს ქალაქი ერთადერთია, რომელმაც უმაღლესი – 100 ქულა მიიღო. გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი (FCDO) მოქალაქეებს ვენესუელას გარკვეულ რაიონებში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს.
სიაში შემდეგი ქალაქია ყარაჩი (პაკისტანი), რომელიც რეგიონში ტერორისტული საფრთხის გამო ტურისტებისთვის მეორე ყველაზე საშიშ ქალაქად იქნა აღიარებული.
მესამე ადგილი მიანმარში იანგონმა დაიკავა. ამ ქალაქმა 91,67 ქულა პირადობის მოწმობის მოპარვისა და სტიქიური უბედურებების მაღალი რისკის, ასევე ჯანდაცვის მომსახურების ცუდი ხარისხის გამო მიიღო.
კვლევის თანახმად, სინგაპური მოგზაურთათვის ყველაზე უსაფრთხო ქალაქად დასახელდა. ამ ქვეყანამ ბუნებრივი კატასტროფების დაბალი რისკის, ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და გამართული ინფრასტრუქტურის დამსახურებით 0 ქულა მიიღო.
მეორე ყველაზე უსაფრთხო ქალაქი გახდა ტოკიო (იაპონია), მესამე ადგილი კი კანადის ტორონტომ დაიკავა. ამ ქალაქებმა 15-ზე ნაკლები ქულა მიიღეს.
ტურისტებისთვის 10 ყველაზე საშიში ქალაქი:
კარაკასი, ვენესუელა – 100 ქულა
ყარაჩი, პაკისტანი – 93,12 ქულა
იანგონი, მიანმარი – 91,67 ქულა
ლაგოსი, ნიგერია – 91,54 ქულა
მანილა, ფილიპინები – 91,49 ქულა
დაკა, ბანგლადეში – 89,5 ქულა
ბოგოტა, კოლუმბია – 86,7 ქულა
კაირო, ეგვიპტე – 83,44 ქულა
მეხიკო, მექსიკა – 82,43 ქულა
კიტო, ეკვადორი – 82,02 ქულა