იტალიაში დაწყებით და საშუალო სკოლებში მობილური ტელეფონები აიკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ „ევროპულსი” ავრცელებს.
ახალი სასწავლო წლიდან ბავშვებს, თუნდაც საგანმანათლებლო მიზნებისთვის, გაკვეთილის დროს გაჯეტებში ჩახედვის საშუალება აღარ ექნებათ. პლანშეტებისა და კომპიუტერების გამოყენება მხოლოდ მასწავლებლების მითითებით იქნება შესაძლებელი. მართალია, იტალიის სკოლებში მობილური ტელეფონები ჯერ კიდევ 2007 წლიდან აიკრძალა, მაგრამ მოწყობილობებს საგანმანათლებლო მიზნებისთვის მაინც იყენებდნენ.
იტალიის განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ ტელეფონების გამო, ბავშვებმა კალმით წერა გააუარესეს მაშინ, როცა ტრადიციული წერა კოგნიტურ უნარებს, კერძოდ, მეხსიერებასა და სწავლის უნარს აუმჯობესებს.
ახალი სასწავლო წლიდან სკოლის მოსწავლეები მხოლოდ ქაღალდის სასკოლო დღიურებს გამოიყენებენ, ხოლო საშინაო დავალებებს ხელით ჩაიწერენ.
ცნობისთვის: სკოლებში მობილური ტელეფონების აკრძალვის საკითხს სლოვაკეთში, ფინეთში, ირლანდიასა და შვედეთშიც განიხილავენ, ხოლო ნიდერლანდების სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილების დროს არა მხოლოდ სმარტფონების, არამედ სხვა მობილური მოწყობილობების გამოყენებაც აეკრძალათ. ადგილობრივი მასწავლებლები და სასკოლო საბჭოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს შეზღუდვა ბავშვებს ერთმანეთთან მეტ კომუნიკაციაში დაეხმარა.