რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველომ რუსეთთან საიმპორტო კავშირები გაზარდა, რაც საქსტატის მონაცემებით დასტურდება. მარტში ქვეყანამ 91.6 მილიონი დოლარის რუსული საქონელი შეიძინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.2 მილიონი დოლარით (2.5%-ით) მეტია.
რუსულ იმპორტში წამყვან პოზიციებს ენერგომატარებლები – ნავთობი, ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია იკავებს. თანხობრივად იმპორტის მატებას ძირითადად ენერგომატარებლების გაძვირება განაპირობებდა. მიმდინარე წლის I კვარტალში კი, საქართველომ რუსეთისგან 273,5 მლნ დოლარის საქონელი იყიდა ანუ 23.7%-ით მეტი, ვიდრე – შარშან.
ცნობილია 10 უმსხვილესი კომპანიის სახელწოდება, რომელიც რუსეთიდან საქართველოში იმპორტით არის დაკავებული, თუმცა ჩამონათვალი არაა წარმოდგენილი თავად კომპანიების რეიტინგის მიხედვით:
1. სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“
2. სს „ელიტ ელექტრონიქსი“
3. შპს „ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანია“
4. შპს „ჯი არ სი“
5. შპს „ალტა“
6. შპს „შარმ ტრეიდინგი“
7. შპს „ჯორჯიან მანგანეზი“
8. შპს „უნი-2“
9. შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“
10. შპს „ლუქს ოილი“