საქართველო ნაჭუჭიანი თხილის მწარმოებელი ქვეყნების ათეულში მეხუთე ადგილზეა. ამის შესახებ თხილისა და ჩირის საერთაშორისო საბჭოს (International Nut & Dried Fruit Council-INC) გლობალურ სტატისტიკურ ანგარიშში წერია, რაც საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
2021/2022 სეზონურ წელს საქართველოში ნაჭუჭანი თხილის წარმოება, წინა სეზონთად შედარებით, 5 ათასი ტონით გაიზარდა და 56 000 ტონა შეადგინა, საიდანაც 1000 ტონა წინა მოსავლიდან დარჩენილი მარაგი, ხოლო 55 000 ტონა ახალი მოსავალია. ამ დროისთვის მიწოდებიდან დარჩენილი მარაგი 1100 ტონას შეადგენს. აღსანიშნავია, რომ 2020/2021 სეზონურ წელს საქართველო ტოპ 10-ეულ ქვეყნებს შორის აზერბაინჯანს უსწრებდა და ერთი პოზიციით ზემოთ, ანუ მე-4 ადგილზე იყო. მაშინ საქართველოდან ნაჭუჭიანი თხილის მიწოდებამ 51 000 ტონა შეადგინა. აქედან 50 000 ტონას ახალი მოსავალი, ხოლო 1000 ტონას მოსავლამდე დარჩენილი მარაგი შეადგენდა.
რაც შეეხება თხილის გულს, საქართველო ტოპ 10-ეულ ქვეყნებს შორის მცირედით, 250 ათასი ტონით ჩილეს უსწრებს და აქაც მეხუთე ადგილზეა. 2021/2022 სეზონურ წელს წარმოება, წინა სეზონთან შედარებით, 1800 ტონით გაიზარდა. წინა მოსავლიდან დარჩენილ 350 ტონა მარაგს 19 300 ტონა ახალი მოსავალი დაემატა და ჯამში მიწოდებამ 19 650 ტონა შეადგინა. გასულ 2020/2021 სეზონურ წელს საქართველო ამ შემთხვევაშიც 250 ტონით აზერბაიჯანს უსწრებდა და ერთი პოზიციით ზემოთ, მე-4 ადგილს იკავებდა. მაშინ ქვეყნის მოსავალმა 17 500 ტონა შეადგინა, რასაც 350 ტონა დარჩენილი მარაგი დაემატა და ჯამში მიწოდებამ 17 850 ტონა შეადგინა.