საქართველოში, ქართველი მწარმოებლების მიერ აწყობილი სადაზვერვო მანქანის ექსპორტზე გატანა იგეგმება. ამის შესახებ პრემიერის მიერ პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია აღნიშნული.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ახალი სადაზვერვო მანქანა, რომელიც „დელტას“ საწარმოში ქართველი სპეციალისტების მიერ შეიქმნა, უკვე გადაეცა თავდაცვის სამინისტროს. სამომავლოდ კი, მანქანის სერიული წარმოება და ექსპორტზე გატანაა დაგეგმილი.
„საანგარიშო პერიოდში საქართველოს თავდაცვის ძალებს „დელტას“ მიერ წარმოებული მრავალმიზნობრივ პლატფორმაზე შექმნილი კავშირგაბმულობის მანქანები გადაეცა. ინტეგრირებული ქსელების მანქანა თავდაცვის ძალების მოთხოვნებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით დაპროექტდა და შეიქმნა.
2022 წლიდან დელტაში ნატოს სტანდარტის ავტომატური შაშხანის GI-4-ის წარმოება დაიწყო. ახალი ქართულ-ებრაული საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ჩარხ-დანადგარებით. აღსანიშნავია, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სრული ტექნოლოგიური პროცესი საქართველოში მიმდინარეობს.
„დელტას“ მიერ კაპიტალურად გარემონტდა სეტყვის საწინააღმდეგო 84 დანადგარი, შეძენილ იქნა 5 000-ზე მეტი რაკეტა.
აღნიშნულ პერიოდში „დელტა ტექსტილის“ მიერ საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის მაღალი ხარისხის ტანსაცმელი და ეკიპირება შეიკერა. ასევე „დელტას“ საწარმოებში მიმდინარეობს ჯავშანჟილეტების, ჯავშანჩაფხუტებისა და სასწავლო ხელყუმბარების დამზადება, რომლებიც პერიოდულად გადაეცემა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებს.
ასევე აქტიურად მიმდინარეობდა დედოფლისწყაროსა და ფონიჭალის ბაზებზე ვადაგასული საბრძოლო მასალების უტილიზაციის პროექტი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია ITF-სთან თანამშრომლობით ხორციელდება,“- აღნიშნულია მოხსენებაში.
ცნობისთვის, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ საქმიანობის ძირითად სფეროს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დიზაინის შექმნა, აწყობა და სერიული წარმოება განეკუთვნება.