2021 წელს საქართველოში 118 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 21.2 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონში, 16.9 პროცენტი – კახეთის რეგიონში, 13.6 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 13.6 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 11 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 23.7 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2021 წლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 361.4 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 35 პროცენტი – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ხოლო 65 პროცენტი – წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა).
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 12 565.6 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ 2021 წლის განმავლობაში 43 428.5 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 31.6 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 44.4 პროცენტი – ფრინველის, 22.5 პროცენტი – ღორის, 1.3 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.
„2021 წლის განმავლობაში სასაკლაოებში წარმოებული ხორციდან 1 498.4 ტონა შესყიდული იყო სასაკლაოს მიერ, საიდანაც 85.8 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, ხოლო 9.5 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე.
2021 წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 24.2 ათას პირს, საიდანაც 37.1 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 030 კაცი შეადგინა.
ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 29.9 ლარი, ცხვრის ან თხის – 15.7 ლარი, ღორის – 27.1 ლარი.
სასაკლაოების უმრავლესობა (52.5 პროცენტი) სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით, 44.9 პროცენტი აღჭურვილია ნაწილობრივ, ხოლო 2.5 პროცენტი არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. სასაკლაოების 69.5 პროცენტი არ სარგებლობს სესხით, ხოლო 30.5 პროცენტს აღებული აქვს სესხი სხვადასხვა მიზნით: 61.1 პროცენტს – მხოლოდ ძირითადი კაპიტალის შეძენისთვის (ახლის შეძენის ან არსებულის გაუმჯობესების მიზნით), 25.0 პროცენტს – მხოლოდ საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 13.9 პროცენტს – როგორც ძირითადი, ასევე საბრუნავი კაპიტალისათვის,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.