ნატურალური წვენებისა და სმუზების ბარი Ska Juice Bar-ი თბილისის საზღვრებს გასცდა და ბათუმში პირველი ფილიალი გახსნა. ეს კომპანიის ქვეყნის მასშტაბით გაფართოების პირველი ნაბიჯია.
Ska Juice Bar-ის დირექტორი გიორგი ტალახაძე BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ Ska-ს პირველი ობიექტი თბილისში, 2019 წლის აგვისტოში გაიხსნა და სამი წლის შემდეგ მათ თბილისის გარეთ – ბათუმში პირველი ობიექტის გახსნაც შეძლეს.
„ბათუმის ფილიალის გახსნა ჩვენთვის, თბილისიდან გასვლის გამოცდილებაა, მიუხედავად იმისა, რომ გაფართოება ქვეყნის მასშტაბით ხდება, ეს ჩვენთვის მაინც გამოწვევებთან იყო დაკავშირებული, რომელიც გადავლახეთ. შედეგად, დღეს უკვე ზღვისპირა ქალაქში გვაქვს პირველი ფილიალი თავისი წარმოებით, რომელიც დაახლოებით 100 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. ფილიალში სრულად 20 ადამიანამდე დასაქმდება. ბათუმის Ska Juice Bar მომხმარებელს იმავე პროდუქტსა და სერვისს შესთავაზებს, რაც თბილისში გვაქვს. ეს კი ჯანსაღ საკვებს, წვენებსა და სმუზებს მოიცავს“, – ამბობს გიორგი ტალახაძე.
კომპანიის ხელმძღვანელი იმასაც ამბობს, რომ Ska Juice Bar ბათუმში კიდევ ორი ფილიალის გახსნას გეგმავს, თუმცა ამ გეგმის განხორციელება მომდევნო წლისთვის განიხილება.