PMCG-ის კვლევის თანახმად, 2022 წლის მაისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 148 ლარი, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 255 ლარი შეადგინა.
მათივე ცნობით, საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა მაისში 105 ლარი, 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა კი, 468 ლარი შეადგინა. კახეთში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასი 581 ლარია, თბილისში – 558, გურიაში – 474, ხოლო აჭარაში – 457 ლარი.
„საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2022 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, 8.1%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 9.1%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 5.5%-ით გაიზარდა.
2022 წლის მაისში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 8.9%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 8.1%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 13.5%-ით გაიზარდა,“- აღნიშნულია კვლევაში.