ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ივლისის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 2 344 329 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა.
უწყების ცნობით, ზრდა 2021 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით 214%-ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენამ 47.2% შეადგინა.
რაც შეეხება ამ პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობას, 7 თვეში 1 668 983 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 162%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 61.9% -ით არის აღდგენილი.
კონკრეტულად ივლისის შემთხვევაში კი საქართველოში 718 401 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც 2021 წლის ივლისის თვესთან შედარებით 177% -იან ზრდას წარმოადგენს, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი კი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 65.3%-ს შეადგენს.
ივლისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 459 711 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 115%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის ივლისის თვის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 80.6%-ით არის აღდგენილი.