სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.1% შეადგინა.
წინა წელთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა 36.2 ათასი კაცით გაიზარდა (4.4%) და 867.9 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 19.4 ათასით გაიზარდა (5.1%) და 401.2 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 63.0 ათასით შემცირდა (18.3%) და 281.6 ათასი შეადგინა.
2022 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 50.2 ათასი კაცით (6.1%), თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა გაზრდილია 18.9 ათასით (4.9%), ხოლო უმუშევართა რიცხოვნობა 8.1 ათასითაა (2.8%) შემცირებული.
დასაქმების დონე გაიზარდა როგორც ქალაქის ტიპის (0.9 პროცენტული პუნქტით), ისე სოფლის ტიპის (3.7 პროცენტული პუნქტით) დასახლებებში და შესაბამისად 42.8% და 41.4% შეადგინა.
2022 წლის II კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.4%-ს შეადგენდა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2022 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 3.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 4.0 პროცენტული პუნქტით.